English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ ნიკა ჩიტიშვილი
გარემოს დაცვის ეკონომიკური პოლიტიკის გატარების შესაძლებლობები ურბანულ გარემოში

რეზიუმე

ნაშრომში გადმოცემულია გარემოს დაცვის ეკონომიკური პოლიტიკის გატარების შესაძლებლობები მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ გარემოში. საქართველო, როგორც რიოს კონვენციების მხარე და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ქვეყანა, ვალდებულია გაატაროს ისეთი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში გარემოს მაქსიმალურ დაცვას და მდგრად განვითარებას. ნაშრომში განხილულია კონკრეტული მაგალითი, რამაც, შესაძლოა, ქალაქის პირობებში უზრუნველყოს გარემოსდაცვითი ეფექტიანი ღონისძიებების გატარება.

საკვანძო სიტყვები: გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილება, ურბანული მებაღეობა, გაუდაბნოება, ბიომრავალფეროვნება.

შესავალი

თანამედროვე მსოფლიო წლების წინ დადგა გარემოს დაბინძურებისა და ბუნებრივი რესურსების არარაციონალური გამოყენების პრობლემის წინაშე, რაც, უპირველეს ყოვლისა, მზარდი ეკონომიკებისა და ინდუსტრიული განვითარების თანმდევი მოვლენაა. გარემოს დაცვაზე რთულია საუბარი ერთი რომელიმე პროფესიის მხრიდან,  საჭიროა კომპლექსური მიდგომა და მისი შესწავლა სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებით. ეკონომიკური მეცნიერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ეკონომიკური ეფექტის შესწავლა, რომელიც შესაძლოა გამოიწვიოს გარემოს დაბინძურებამ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმა XX საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყეს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ხელს უწყობს გარემოს დაცვას. ნაშრომის მიზანია, შეისწავლოს მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ გარემოში გარემოსდაცვითი ეფექტიანი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა. 1992 წელს ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში გამართულ დედამიწის სამიტზე, სადაც 172 ქვეყანა მონაწილეობდა, მიიღეს ის კონკრეტული დებულებები, რომლებიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკის ისე წარმართვას, რომ ხელი შეეწყოს გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას.

რიოს კონვენციები

რიოს კონვენციებიდან, ვფიქრობ, გარემოსდაცვითი პოლიტიკის გატარებისას მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხების ანალიზი:

  1. კლიმატის ცვლილება;
  2. გაუდაბნოება;
  3. ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება [3, გვ. 1;5;19].

კლიმატის ცვლილების მიმართულებით კონვენციის მიხედვით, მნიშვნელოვანია,  მხარე ქვეყნებმა შეამცირონ 90-იან წლებში ემისირებული სათბური გაზების მოცულობა. რამდენადაც საქართველოს საწარმოო სისტემები, შეიძლება ითქვას, წლების განმავლობაში მიძინებული იყო, ჩვენ ქვეყანას ჯერჯერობით ეს პრობლემა არ აქვს და საქართველოს მიერ ემისირებული სათბური გაზები ნორმაშია [6, გვ 1-2]. საგულისხმოა, რომ უკვე ემისირებული სათბური გაზების შემცირება ატმოსფეროში, ფაქტობრივად, შეუძლებელია, რის გამოც წლებთან ერთად ხდება გლობალური დათბობის ხელშეწყობა.

გაუდაბნოება ის პრობლემაა, რომელიც ქალაქის პირობებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან განსახილველ საკითხს წარმოადგენს. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და კეთილმოწყობის ღონისძიებების გატარებას, ხშირ შემთხვევაში, ნიადაგის ნოყიერი ფენის სრულ განადგურებამდე მივყავართ, რაც განსაკუთრებით უარყოფითად აისახება ურბანულ გარემოში.

შემდეგი საკითხია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება. ბიომრავალფეროვნების დაცვისთვის ურბანული ფლორის შენარჩუნება აუცილებელი წინაპირობაა. მაგალითად, თბილისისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ქართული თუთა (ხართუთა), რომლის ნაყოფიც იწვევს ქუჩების დაბინძურებას, ხოლო ძლიერი ფესვთა სისტემა – კერძო მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებისა და ეზოს კედლების დაზიანებას, ამის გამო მოსახლეობა სისტემატურად ებრძვის ხართუთას, რამაც შესაძლოა ქალაქიდან აღნიშნული სახეობის გაქრობაც გამოიწვიოს. ასევეა ვერხვის ხეები, რომლებიც საკმაოდ გავრცელებულია ქალაქში, მათგან უმეტესობა 20-დან 50 წლამდეა, რაც, გადაბერებასთან ერთად, სხვადასხვა პრობლემის გამომწვევ მიზეზადაც შეიძლება იქცეს, კერძოდ დააზიანოს მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები, ავტომანქანები და, უკიდურეს შემთხვევაში, ზიანი მიაყენოს ადამიანებსაც. ზემოაღნიშნული ხეების ჩანაცვლება  მოკლევადიან პირობებში შეუძლებელია, რის გამოც ურბანული ფლორა საშიშროების წინაშე დგას. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, აღნიშნული მიმართულებით ხეების დაცვა მხოლოდ გადაბელვითაა შესაძლებელი, რაც განსაკუთრებულ შემთხვევებში ხეების ღრმა-სხვლა ფორმირებას გულისხმობს[2, გვ 2].

გარემოს დაცვა და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება

გარდა რიოს კონვენციებისა, საქართველოს გარემოსდაცვითი პოლიტიკის გატარებას ასევე ავალდებულებს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება. მაგალითად, შეთანხმების 230-ე მუხლის მე-3 პუნქტი გულისხმობს, რომ: „მხარეები ადასტურებენ თავიანთ ვალდებულებას, მიაღწიონ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციისა (UNFCCC) და კიოტოს პროტოკოლის ძირითად მიზანს. ისინი ვალდებულებას იღებენ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო. კონვენციის (UNFCCC) ფარგლებში და მასთან დაკავშირებული შეთანხმებებისა და გადაწყვეტილებების ფარგლებში ითანამშრომლონ კლიმატის ცვლილების საერთაშორისო ჩარჩოს სამომავლო განვითარებაზე“ [1, გვ 341]. მუხლი 232-ის მიხედვით, „მხარეები აღიარებენ ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და მისი მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფის აუცილებლობას, როგორც ერთ-ერთ ძირითად ელემენტს მდგრადი განვითარების მისაღწევად“[1, გვ 343]. მუხლი 302-ის მიხედვით, „თანამშრომლობა მიზნად ისახავს გარემოს ხარისხის შენარჩუნებას, დაცვას, გაუმჯობესებასა და რეაბილიტაციას, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას, ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და საერთაშორისო დონეზე ძალისხმევის ხელშეწყობას გარემოს დაცვის რეგიონულ ან გლობალურ პრობლემებთან გასამკლავებლად“ [1, გვ 427].

ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ საქართველო, ევროკავშირთან დაახლოებასთან ერთად, ვალდებულია გაატაროს ისეთი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც მდგრადი განვითარების პირობებში ხელს შეუწყობს გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებას. 

ურბანული მებაღეობა (UrbanGardening) მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე

მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე მეტად მნიშვნელოვანია ურბანული მებაღეობის განვითარებისა და ხელშეწყობის პროგრამის დანერგვა.   გერმანიაში  ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უარს ამბობს მსხვილი კომპანიების მიერ შემოთავაზებულ პროდუქტზე და ამჯობინებს ადგილობრივი პროდუქციის მოხმარებას და ასევე წარმოებასაც. საკითხის შესწავლისას დადგინდა, რომ ურბანული მებაღეობა ერთ-ერთი მოთხოვნადი და საინტერესო სფეროა გერმანელებისთვის [4, გვ. 6]. ასევე ევროპის სხვა ქვეყნებიც მუშაობენ ამ მიმართულებით გარემოს დაცვის ეკონომიკური პოლიტიკის დასახვეწად.

ურბანული მებაღეობის  არსი ასეთია -  ადგილობრივი მოსახლეობა თვითონ აწარმოებს და მოიხმარს სოფლის მეურნეობის პროდუქტებს როგორც ქალაქგარეთ, ასევე ქალაქის ცენტრშიც კი. თვალსაჩინოებისათვის, ურბანული მებაღეობის კონკრეტული მაგალითი ბერლინის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში, კროიცბერგში, მორიტპლაცზე არსებული Prinzessinnengarten-ია. ბაღი ჯერ კიდევ XX საუკუნეში შეიქმნა და დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს. აღნიშნული ბაღი ყოფილი სავაჭრო ცენტრის ადგილზე ორმა მოახლისემ შექმნა, დღესდღეობით კი  აქ ათობით  ადამიანია დასაქმებული  და სხვადასხვა სახეობის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს აწარმოებენ. წარმოებული პროდუქცია ადგილზევე იყიდება.  რიგით ბერლინელს შეუძლია ესტუმროს Prinzessinnengarten-ს და თვითონვე აიღოს მოსავალი, რომლის შეძენაც სურს. ბაღის წარმატების საწინდარია არა მხოლოდ გამორჩეული იდეა და კარგი მენეჯმენტი, არამედ ის მოხალისეები, რომლებიც უსასყიდლოდ მუშაობენ ბაღის განვითარებისთვის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი სარგებლის გარეშე რჩებიან - მათ დღეში 4 ან 8 საათიანი სამუშაოს შესაბამისად, პროდუქციაზე 30%-დან 60%-მდე ფასდაკლება აქვთ. ასეთ შემთხვევაში ორივე მხარის ეკონომიკური ინტერესი დაკმაყოფილებულია: პირველი, ხდება ჯანმრთელი პროდუქტის წარმოების სტიმულირება და მეორე, მოსახლეობა მოიხმარს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს.

ურბანულ გარემოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემას  გაუდაბნოება და ბიომრავალფეროვნების შემცირება წარმოადგენს.  რამდენადაც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ხშირ შემთხვევაში,  მთლიანად ანადგურებს ნიადაგის ნოყიერ ფენას. ურბანული მებაღეობა გარდა წარმოების პროცესისა, ნიადაგის ნოყიერი ფენის შევსებისა და განახლების საშუალებას იძლევა.  ამასთანავე, იგი ხელს უწყობს დენდროლოგიისა და გამწვანებული ტერიტორიების გაჯანსაღებას. რაც შეეხება კლიმატის ცვლილებას, ქალაქში მწვანე ნარგავებისა და ხე-მცენარეების მომრავლება პირდაპირ გავლენას ახდენს სათბური გაზების ემისიის შემცირებაზე.

დასკვნა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვიმსჯელოთ ურბანული მებაღეობის შესაძლებლობებსა და განვითარების პერსპექტივებზე. ამგვარად,  ურბანული მებაღეობის  დადებითი ასპექტებია:

  • სტიმულირდება ადგილობრივი წარმოება;
  • მოსახლეობას  შესაძლებლობა ექნება საბაზრო ფასად შეიძინოს ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალური ნაწარმი;
  • გაუმჯობესდება იმ უბნის მცხოვრებთა ეკონომიკური მდგომარეობა, სადაც დაინერგება ურბანული მებაღეობა;
  • ურბანული მებაღეობა მიმზიდველი იქნება ტურისტებისათვის (მათთვის ძალიან საინტერესო იქნება ქალაქის ცენტრში სოფლის პროდუქტების წარმოების ნახვა);
  • იმპორტიორ ფირმებს სურვილი გაუჩნდებათ, უფრო მეტი იმუშაონ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის იმპორტირების მიმართულებით, რადგან ადგილობრივი მწარმოებლები გაუწევენ კონკურენციას;
  • მოხდება გარემოს დაცვის ხელშეწყობა და აღნიშნული საკითხის ადვოკატირება;
  • გაუდაბნოებისა და ბიომრავალფეროვნების რისკები შემცირდება.

როგორი იქნება ქართულ რეალობაში ურბანული მებაღეობა?

რა თქმა უნდა, გერმანიისგან განსხვავებით, ქართულ სივრცეში ურბანული მებაღეობის წარმოება, შეიძლება ითქვას, გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება. თუმცა ამ სისტემის დანერგვა შეუძლებელი არ არის. ამასთანავე, თუ ფასები იქნება გონივრული, მოსახლეობაც უფრო დაინტერესდება და ჩვენც ევროპულ რეალობასთან დაახლოების კიდევ ერთი შესაძლებლობა გვექნება. მთავრობისათვის, ამ მიმართულებით მოსახლეობის წასახალისებლად, გვაქვს შემდეგი რეკომენდაციები:

  • გამოიყოს ეკონომიკის სამინისტროს ან თვითმმართველი ერთეულის ბალანსზე არსებული ისეთი მიწის ფართობები, რომელიც ამ დროისთვის არ გამოიყენება სახელმწიფოს მიერ;
  • დაწესდეს გარკვეული შეღავათები ურბანული მებაღეობის მწარმოებლებისთვის;
  • შესაძლებლობის ფარგლებში მოწესრიგდეს ბაღებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა;
  • გატარდეს ურბანული მებაღეობის პოპულარიზაციის ზრდისთვის საჭირო ღონისძიებები;
  • მოხდეს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვითი პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით.

ცხადია,  უახლოეს მომავალში მსოფლიო დადგება იმ აუცილებლობის წინაშე, როდესაც ურბანული მებაღეობა უდიდეს როლს შეასრულებს ქალაქების განვითარებაში და, ვფიქრობ, საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო რეგიონში, რომელიც ამ მიმართულებას წინ წამოსწევს, რეგიონის სხვა ქვეყნებს გაუწევს კონსულტაციებს და მისცემს კონკრეტულ რეკომენდაციებს. 

გამოყებენული ლიტერატურა

  1. ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ-სახელმწიფოებსა და მეორე მხრივ, საქართველოს შორის,  2014.
  2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება N17-55 2018.
  3. The Rio Declaration On Environment and Development – 1992.
  4. Wunder S. - Learning for Sustainable Agriculture – 2013.
  5. USAID - Greenhouse Gas Emissions in Georgia – Georgia Fact Sheet 2016.